პაატა მანჯგალაძე - მამუკა ხაზარაძის ინიციატივა საინტერესოა, მინისტრთა კაბინეტის დასახელება მაშინაც მოგვიწევს, თუ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურებს დავიწყებთ
მამუკა ხაზარაძის ინიციატივა საინტერესოა, მინისტრთა კაბინეტის დასახელება მაშინაც მოგვიწევს, თუ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურებს დავიწყებთ, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას კოალიციური მთავრობის შექმნაზე.
მისივე თქმით, „არასწორია კრიტიკა, როდესაც საუბრობენ, ჯერ მერობის კანდიდატზე ვისაუბროთ და შემდეგ კოალიციაზეო“.
„თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლა გვინდა, მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელოთ. ალბათ, ხაზარაძის განცხადება აქედან არის ნაკარნახევი. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდეს ძალოვანი მინისტრები, ვემხრობი იმას, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ყველა ძალოვანი პორტფელი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პაატა მანჯგალაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.