პაატა მანჯგალაძე - „ლელოს“ ტაქტიკას არ ვიზიარებ, აუცილებელია, მოქალაქეებმა ნახონ სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებიდან არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს ფუნდამენტალურად შეცვლის, თუმცა მიაჩნია, რომ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიების გასამართად.
„ჩვენ ფორმატს ვიყენებთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ დისკუსიის საგანი შესვლა-არშესვლა კი არ უნდა იყოს, არამედ შინაარსი – სასამართლო რომ არ გვაქვს, კორუფციაა. შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები გვინდა. ამ პლატფორმას სწორედ ამისთვის ვიყენებთ და იმედი არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ რამეს ფუნდამენტალურად შეცვლის.
იმიტირებულია თუ რაც არის, მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ყველა პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული. „ლელოს“ პასუხს არ გავცემ, რადგან მეც ასე ვფიქრობდი წინა პერიოდში, თუმცა ვნახეთ, რომ შესვლა-არშესვლაზე დისკუსიას შინაარსზე დისკუსია სჯობს. „ლელოს“ ტაქტიკას არ ვიზიარებ. აუცილებელია, მოქალაქეებმა ნახონ სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.
„ლელოს“ წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო, არ დაესწრნენ.