პაატა მანჯგალაძე - ხვალინდელი აქცია პოლიტიკური არ არის, უკრაინის მხარდამჭერია, სააკაშვილთან დაკავშირებით არიან გამომსვლელები, ჩვენ არ ვზღუდავთ ამ წრეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხვალინდელი აქციის მიზანია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ.
მისივე თქმით, აქცია პოლიტიკური არ არის.
„24 თებერვალს სრულდება ერთი წელი რუსეთის უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებიდან. საუბრობდნენ, რომ უკრაინა სამი დღე გაძლებდა, თუმცა უკრაინამ გაძლო 365 დღე და ღირსეული პასუხი გასცა ოკუპანტ რუსეთს. ჩვენ გვინდა, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატოს, რომ უკრაინელების ბრძოლას ვაფასებთ და სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ. ასევე ვაფასებთ ჩვენი ბიჭების ბრძოლას, სამი ათასზე მეტი ქართველი იბრძვის და გვინდა, აქედან გავამხნეოთ. ეს აქცია პოლიტიკური არ არის, უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება თუ არა გამოსვლები, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით აქციაზე სიტყვით გამოვლენ. მისივე თქმით, ამ წრეს არ ზღუდავენ.
„სააკაშვილთან დაკავშირებით არიან გამომსვლელები. ჩვენ არ ვზღუდავთ ამ წრეს. სხვადასხვა სფეროს და პროფესიის ადამიანები გამოდიან. ვინმეს სააკაშვილზე საუბარი თუ მოუნდება, რა თქმა უნდა, არ დავუშლით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ ხვალინდელ აქციაზე მისვლას არ აპირებენ. როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, აქცია პარტიული არ არის და ამ კუთხით აქციაზე მისვლა „ლელოსთვის“ არავის მოუთხოვია.
„ეს აქცია პარტიული არ არის და არც არავის მოუთხოვია „ლელოსთვის“ პარტიულად ამ აქციაზე შემოერთება. სოლიდარობისთვის მეც მივდივარ, როგორც მოქალაქე. ამიტომ არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. „ლელო“ რას არ უერთდება, მართლა არ მესმის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მანჯგალაძემ ასევე შეაფასა შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარაზიტობაა, როდესაც აქციის ორგანიზატორი ხალხს აქციაზე ეპატიჟება და თავად უკრაინაში მიდის.
„კარგია, რომ პაპუაშვილი წუხს აქციის საორგანიზაციო საკითხებზე. კარგი იყო, უკრაინაში თავად ჩასულიყო, მაგრამ რაც პაპუაშვილმა არ გააკეთა, იმას აკეთებს ჩვენი წარმომადგენელი უკრაინაში. პაპუაშვილი რას აკეთებს? პარაზიტობა არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში იმალება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ხვალინდელი აქცია მასშტაბური იქნება.
„მჯერა ჩვენი ხალხისა და მოქალაქეების. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც სისულელეებს არ იჯერებს და კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველო არის აქ. საქართველო არის თავისუფლებისა და ღირსების მოყვარე ქვეყანა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.