პაატა მანჯგალაძე - ხომ შეიძლება, არ ვიცოდე, ევროპარლამენტი რა კანონპროექტს იღებს, სათაურით მსჯელობა ძნელია, კანონის სულისკვეთება და შინაარსი ერთმა მუხლმაც კი შეიძლება შეცვალოს
კანონპროექტი არ მინახავს და ვერ გეტყვით, რაზეა საუბარი, ხომ შეიძლება, არ ვიცოდე, ევროპარლამენტი რა კანონპროექტს იღებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ სათაურით მსჯელობა ძნელია.
„ჩემი სტილი არ არის, მხოლოდ სათაურით ვიმსჯელო. კანონის სულისკვეთება და შინაარსი ერთმა მუხლმაც კი შეიძლება შეცვალოს. კანონპროექტი არ მინახავს და ვერ გეტყვით, რაზეა საუბარი. ხომ შეიძლება, არ ვიცოდე, ევროპარლამენტი რა კანონპროექტს იღებს. მხოლოდ სათაურით მსჯელობა ძნელია. „ქართულ ოცნებას“ თუ რუსულ კანონზე გული სწყდება, ამას ხალხი როგორ უპასუხებს, ვნახავთ. ვინმეს თუ გული სწყდება რუსულ კანონზე, შემოიტანონ და კიდევ ერთხელ პასუხს მიიღებენ. ვინმე თუ გულდაწყვეტილია, თავიდან სცადონ. ევროპარლამენტის კანონს თუ მომიტანთ, შემდეგ გეტყვით, ის ამ კანონთან რამდენად ახლოსაა. პროპაგანდის მიზნით კი კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.