პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლების სტრატეგია თუ არის, რომ აქციაზე შეკრებილები ახლა საქართველოს გულისთვის ორთქლს გამოუშვებენ და მეორეჯერ აღარ მოვლენ, ასე არ არის
ხალხმა თავისი პოზიცია დააფიქსირა, ასი ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და არსად აპირებენ გასვლას. ხელისუფლების სტრატეგია თუ არის ის, რომ ეს ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი ახლა საქართველოს გულისთვის ორთქლს გამოუშვებს და მეორეჯერ აღარ მოვა აქციაზე, ასე არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
„ამათ სიტყვას ფასი არ აქვს, სანდოები არ არიან. სანდოები იქნებიან მაშინ, როდესაც იქნებიან სახლში. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა, თითქოს აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, მივარდნენ. არავინ არსად მივარდნილა და შეჭრილა. თუ ვინმე მივარდა და დააზიანა ამ ქვეყანაში, არის “ქართული ოცნება“. რაც შეეხება „გირჩის“ გეგმას, არ ვიცი იმის და ამის გეგმა. მე ვიცი ქართველი ხალხის გეგმა. იაგოს თუ აქვს იდეა, შეკრიბოს ეს ხალხი ერთად და მივალ მეც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.