პაატა მანჯგალაძე - ხატია დეკანოიძემ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე ნაკლებად რაც ახლა ხალხს აინტერესებს, არის კინკლაობა და წარსულზე გაუთავებელი საუბარი
ხატია დეკანოიძემ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე ნაკლებად რაც ახლა ხალხს აინტერესებს და სჭირდება, არის კინკლაობა და ოპოზიციის შიგნით წარსულზე გაუთავებელი საუბარი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს თავად არ აქვს არანაირი პრობლემა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით და გიორგი ვაშაძის პრეზენტაცია საკუთარ გვერდზე დადო.
„არ ვიცი, რაზე წუხს ხატია დეკანოიძე. ხატია დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, შევახსენებ, 2017 წელს გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს, როცა ჩვენ ვაკეთებდით „ძალა ერთობაშიას“, იქაც იყვნენ ადამიანები, ვინც ამბობდა, რომ 3 პროცენტი იმ დროინდელ „ნაციონალური მოძრაობის“ 17 პროცენტს დაემატებოდა და იქნებოდა 20 პროცენტი, ეს იქნებოდა მთელი სარგებელი. ჩვენ მივიღეთ 41 პროცენტი, ანუ ორჯერ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ მათემატიკური დამატებაა. ვინც ბუღალტერიაშია შესული, აკლებს და ამატებს პროცენტებს, დარჩება ამ პროცენტებში. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მთავარი დაკვეთის შესრულებისთვის, რაც ხალხს აინტერესებს. ხალხს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გამარჯვება, რადგან საქართველოს, ბოლო ათწლეულებია, სპორტის გარდა, არაფერში გაუმარჯვია, ეს არის პრობლემა ქვეყნის, ამიტომ ქვეყანას სჭირდება გამარჯვება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ხატია დეკანოიძე გუშინ განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობას არაფერი მოჰყვება, გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები სიის გარეთ დარჩებიან, სიაში კი შევლენ მანჯგალაძე, ჩიხლაძე, თაკო ჩარკვიანი.