პაატა მანჯგალაძე - ხალხი როცა დაიბრუნებს ძალაუფლებას, მაშინ გავხდებით ევროპის ნაწილი
საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტის ნებაა, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი პოლიტიკურად და ეკონომიკურად; ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ამ ნების რეალიზებას, ავტომატურად დაკარგავს გავლენასაც და ლეგიტიმაციასაც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნის ეროვნული ამოცანაა და ვერ წავა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით, უნდა წავიდეს საერთო ეროვნული დღის წესრიგით, რასაც სჭირდება შეთანხმება.
„მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ოლიგარქისგან უნდა დაიწყოს. კობახიძემ დააყენა პირობა – დეპოლარიზება. დეპოლარიზება ვერ გამოვა, პირდაპირ ვეუბნები ირაკლი კობახიძეს, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეთ მიტაცებული ძალაუფლება და ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ. დეპოლარიზება მოხდება იმის პროპორციულად, რა პროპორციითაც დააბრუნებს ბიძინა ივანიშვილი მიტაცებულ ძალაუფლებას, ანუ დავიბრუნებთ საქართველოს და საქართველოზე მართვის უფლებას. როცა ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, მაშინ გავხდებით ევროპის ნაწილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირება რომ არ გადაეხიათ ხალხისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტი რომ არ გადაეხიათ ევროპელებისთვის, მაშინ რა პრობლემა იქნებოდა, შევიდოდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს; შესაბამისად, მხოლოდ მისი დღის წესრიგით ეს პროცესი ვერ წავა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ გაქრეს და აღიგავოს მიწისაგან პირისა, ეს დემოკრატიული ქცევა არ არის. მიტაცებული ძალაუფლება ნიშნავს მიტაცებული სასამართლოს, პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების დაბრუნებას. ვისაც სჯერა ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძის, რომ მათ ევროპა უნდათ და ივანიშვილი მათ ძალაუფლებას აჩუქებს, იმუშაოს იმ ხალხმა კომისიებში იმ პირობებით, რაც კობახიძემ თქვა. ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, აქციის ნების რეალიზებას ვინც ახდენს, იმ ხალხსაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ბოლოს. ჩვენ გვინდა, საერთო პროცესი იყოს და არა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.