პაატა მანჯგალაძე - კანონპროექტში თუ ჩაწერენ, რომ ევროკავშირსა და სტრატეგიულ პარტნიორებზე არ ვრცელდება, მაშინ შეიძლება განხილვა, სხვა შემთხვევაში, ეს „მტრის ვერ ცნობის, მოყვრის გმობის“ კანონპროექტია
პაატა მანჯგალაძე - კანონპროექტში თუ ჩაწერენ, რომ ევროკავშირსა და სტრატეგიულ პარტნიორებზე არ ვრცელდება, მაშინ შეიძლება განხილვა, სხვა შემთხვევაში, ეს „მტრის ვერ ცნობის, მოყვრის გმობის“ კანონპროექტია

„ქართული ოცნების“ მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზისთვის დაბრკოლების შექმნაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ამას ადასტურებს საერთაშორისო გამოხმაურებები.

„მთავარი უცხო ძალის წარმომადგენელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. „ოცნებას“ ნამდვილად გამჭვირვალობა რომ აინტერესებდეს, მაშინ გამჭვირვალობას დაიწყებდა საკუთარი რიგებიდან, თავმჯდომარით და საპატიო თავმჯდომარით, „ქართული ოცნების“ მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზისთვის დაბრკოლების შექმნაა. ამას ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებები, ევროკავშირის განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ დაგველოდეთ, ეს არის ქმედება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაქცია. რეაქცია ნიშნავს არა საქართველოს დასანქცირებას, არამედ „ქართული ოცნების“ კონკრეტული ჩინოვნიკების დასანქცირების შესაძლებლობას, რომელთაც საქართველოს დაბრკოლება შეუქმნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჩემი სახელით მარტივი შეთავაზება შემიძლია, გავაკეთო. თუ ჩაწერენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ევროკავშირზე არ ვრცელდება, მაშინ შეიძლება ამ კანონპროექტის განხილვა. სხვა შემთხვევაში, ამ კანონის განხილვა ნიშნავს ილია ჭავჭავაძის ცნობილ ფრაზას: „მტრის ვერ ცნობას და მოყმის გმობას“. ეს არის „მტრის ვერ ცნობის და მოყვრის გმობის“ კანონპროექტი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.