პაატა მანჯგალაძე - კანონპროექტისთვის ხმის მიცემა იმ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომ დასავლეთიდან დაფინანსებულ ადამიანებს არქმევ „აგენტს“, ნიშნავს, რომ ხარ მხარე და რუსი
„ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვინმე თუ მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით პარლამენტში, ეს ნიშნავს ხმის მიცემას ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ვისაც ეჭვი ეპარებოდა, გუშინ ყველამ ნახა „ქართული ოცნების“ სახე. როცა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტები იწონებს კანონპროექტებს, რომელზეც ამერიკა ამბობს, რომ ამ კანონპროექტებზე ხმის მიცემა ნიშნავს ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას, ეს არის წითელი ხაზი. ეს არის წყალგამყოფი, რომ თუ ვინმე ამ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით პარლამენტში, ამ კანონისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას. კანონი რუსულია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება ე.წ. ამერიკულ კანონს, ის ამერიკამ ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღო 100 წლის წინ.
„თუნდაც ე.წ. ამერიკული კანონი ავიღოთ, ამერიკამ ეს კანონი ნაცისტური გერმანიის, ანუ მისი მტრის პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღო და კანონი, ძირითადად, არეგულირებს არა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, არამედ უცხოეთის მთავრობების მიერ დაქირავებული წარმომადგენლობის საქმიანობას, ანუ ლობისტურ საქმიანობას აწესრიგებს. თუნდაც იგივე კანონი მივიღოთ, მტერი ვინ გამოდის? მთავარი ლეგალური დამფინანსებელი ამ ქვეყანაში არის ევროკავშირი, გაერო, სახელმწიფო ფონდები, რომლებიც სახელმწიფოს განვითარებაზე მუშაობენ. „ქართული ოცნება“ რას ამბობს, რომ ის კანონი, რითიც ამერიკამ თავი დაიცვა ნაცისტური გერმანიისგან, იგივე საფრთხე ემუქრება დასავლეთისგან საქართველოს და ახლა აუცილებელია, მტერი – დასავლეთი შევაჩეროთ ამ კანონით. კანონის მიზანი მოცემული კონტექსტით ნიშნავს, რუსეთმა რომ საფრთხე დაინახა დასავლეთში, იგივე საფრთხე დაუნახავს თურმე „ქართულ ოცნებას“ დასავლელ პარტნიორებში. ამერიკა თურმე სტრატეგიული პარტნიორი კი არ ყოფილა, არამედ ვისაც ამერიკა აფინანსებს, ამერიკის გავლენის აგენტი ყოფილა. ეს ხომ რუსის პოზიციიდან ლაპარაკია. ამაზე მეტი სიცხადე რა გჭირდებათ? ამერიკამ ეს კანონი მიიღო 100 წლის წინ მტრის პროპაგანდისგან თავის დასაცავად და „ქართული ოცნებისთვის” მტერი ვინ გამოდის?! თუ ამერიკიდან დაფინანსებულს აგენტს არქმევ, ვინ გამოდიხარ?! ამიტომ თქვა გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ამ კანონზე ხმის მიცემა წითელი ხაზია. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, თუ ვინმეს გონება და ღირსება შერჩენია, რომ ამ კანონზე ხმის მიცემა იმ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომ დასავლეთიდან დაფინანსებულ ადამიანებს არქმევ „აგენტს“, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მხარე ხარ და შენ ხარ რუსი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.