პაატა მანჯგალაძე - კანდიდატის სტატუსს „ნაციონალურ მოძრაობაში“ 14:00 საათზე აღვნიშნავთ, თუ მანამდე მორჩება ეს ღონისძიება, შეიძლება, ვიფიქრო თავისუფლების მოედანზე მისვლაზეც
კანდიდატის სტატუსს „ნაციონალურ მოძრაობაში“ 14:00 საათზე აღვნიშნავთ, თუ მანამდე მორჩება ეს ღონისძიება, შეიძლება, ვიფიქრო თავისუფლების მოედანზე მისვლაზეც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საქართველოს გამარჯვების და ქართველი ხალხის წარმატების ღონისძიება.
„არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილის სურვილებზე ვერ გეტყვით. ვისაც უნდა მივა, ვისაც უნდა, სხვა ფორმით აღნიშნავს. მაგალითად, ჩვენ ორ საათზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღვნიშნავთ ამას, ხალხთან ერთად და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია, ამ ღონისძიებაზეც მივიდეს. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ზეიმი და ღონისძიება, ეს არის საქართველოს გამარჯვების და ქართველი ხალხის წარმატების ღონისძიება. საერთოდ არ მაქვს არანაირ კომპლექსი, ჩვენ გვაქვს ღონისძიება ძალიან კარგი, მრავალფეროვანი, თუ მორჩება მანამდე, შეიძლება, ვიფიქრო, რომ აქაც მივიდე, თუ არადა ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, რომ მარტო კანდიდატის სტატუსად არ დარჩეს ეს სტატუსი. ახლა საჭიროა ქმედებები, საჭიროა რეფორმები, რომელსაც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ გააკეთებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ზეიმი დღეს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.