პაატა მანჯგალაძე - ღმერთმა ხელი მოუმართოს „ლელოს“ და მესამე გზას, ჩვენ ჩასაფრებული არ ვართ, რომ რომელიმე პარტია კისერს მოიტეხს, ფეხი აუცდება და მათი ელექტორატი ჩვენთან გადმოვა
ღმერთმა ხელი მოუმართოს „ლელოს“ და მესამე გზას, ჩვენ ჩასაფრებული კი არ ვართ, რომ რომელიმე პარტია კისერს მოიტეხს, რომელიმე პარტიას ფეხი აუცდება და რომელიმე პარტიის ელექტორატი ჩემთან გადმოვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ლელოს“ ელექტორატი გადმოვიდა ჩვენთან, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვლება? მე თუ გავიმეორებ იმ ნარატივებს, რასაც „ლელოზე“ ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, ამით საერთო ოპოზიციური საქმე მოიგებს? საქართველო დარჩება გამარჯვებული? ჩვენ ამაში ვართ განსხვავებული სხვა პარტიასთან. მე პერსონალიების დონეზე დავიყვანო საქართველოს გადარჩენის ამოცანა და ვთქვა, კი, მოდის რუსეთი და თავს გვესხმის, შეიძლება, რუსეთში გავიღვიძოთ ერთ დღეს, მაგრამ რა ვქნა ახლა, ამ ხალხთან ერთად ვერ დავდგები, მე თეთრი ყვავი ვარ და სხვასთან ვერ დავდგები-თქო?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის პრობლემას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც ნიკა მელიას ფრთა არაფორმალურ მმართველებად ასახელებს, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ეს შიდა პარტიული ამბებია და ის არ იცნობს შინაარსს, რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მაგრამ თუ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საუბარს ირაკლი ზარქუას და მამუკა მდინარაძის მსგავსად დაიწყებს, ეს არც კოლეგიალობა იქნება და არც საერთო ოპოზიციური საქმისთვის კარგი.
„აი, მაგალითად, ელისაშვილმა გაიმეორა ერთი ერთში „ქართული ოცნების“ ნარატივი და რა მოემატა ამით ალეკო ელისაშვილს? მოემატა რამე?“ – აღნიშნა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრორუსულ კურსს და კურსის ცვლილებას ღიად აცხადებს, ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას სურს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პერსონალიებზე და მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობაში ჩაითრიოს.
„ამაში არ მივყვებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ და თქვენ თუ დააკვირდებით, ელისაშვილთანაც კი მოზომილი ვარ, მიუხედავად იმისა, შეიძლება, არც იმსახურებს ადამიანურად. რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა?“ ალეკო ელისაშვილის განცხადებები რომ ქოცის განცხადებას ემთხვევა, ამის გამო ვეძახო ქოცი? ეს სწორი იქნება? მოემატება ამით ოპოზიციას მხარდაჭერა?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციიდან ვინმე თუ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს და 51%-ს აიღებს ისე, რომ არცერთ პარტიასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ დასჭირდება, ან ილუზიაშია, ან იტყუება, ან კიდევ ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„ასევე, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეექმნება ილუზია, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები არ სჭირდება და მარტო მოუგებს მე-11 ან მე-12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“, ესეც ილუზია იქნება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ის არ საუბრობს, რომ მესამე გზის იდეა მცდარია.
„მესამეც უნდა არსებობდეს და მეოთხეც უნდა არსებობდეს, მაგრამ მთავარი საკითხია, ჩვენ ერთმანეთის ელექტორატზე კი არ უნდა ვინადიროთ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, ყველამ ერთად დავამატოთ მხარდაჭერა ოპოზიციაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეკითხვაზე, როგორ ესახება ოპოზიციური ერთობის მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მაშინ, როდესაც ამ პარტიას ერთობის პრობლემა თავად გუნდის შიგნით აქვს, რაც სულ უფრო მწვავდება, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პრობლემებში თვითონ გაერკვევა და შეიძლება, ეს საინტერესო საკითხია, მაგრამ მისთვის არ არის იმაზე მეტად საინტერესო, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღება და საქართველოს უსაფრთხოება.