პაატა მანჯგალაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადასტურდა, რომ საქართველოსგან მეორე ფრონტს არავინ ითხოვს, ითხოვენ რეფორმებს, რაც სასამართლოსთან არის დაკავშირებული
პაატა მანჯგალაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადასტურდა, რომ საქართველოსგან მეორე ფრონტს არავინ ითხოვს, ითხოვენ რეფორმებს, რაც სასამართლოსთან არის დაკავშირებული

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოსგან მეორე ფრონტს და ომს არავინ ითხოვს, ჩვენგან მხოლოდ რეფორმებს ითხოვენ, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებულია სასამართლოსთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო რეფორმა ბუტაფორიად გადააქცია.

„რეზოლუციაში საუბარია მედიაგარემოზეც და ხედავთ, რომ ნიკა გვარამიას დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს. 5 ივლისს ჟურნალისტები სცემეს, რაც ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ შეაფასა რეზოლუციის ის ნაწილიც, სადაც აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

„თავის მართლებას არ ვაპირებ. პირიქით, „ქართულმა ოცნებამ“ იმართლოს თავი, რატომ ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და რატომ დაგვჭირდა დამატებითი რეკომენდაციები. პოლარიზაცია რეფორმების გატარების პროპორციულად შემცირდება. სასამართლო რეფორმას თუ გააკეთებს, გაბრაზებული არ ვიქნები და ნაკლები მიზეზი მექნება, პოლარიზებული ვიყო. ანუ, ჩემი გაბრაზება პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების“ ქმედებებთან. ხმას თუ არ ამოვიღებ, ქვეყნის ინტერესებისთვის ეს უფრო ღალატი იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.