პაატა მანჯგალაძე - ჩვენს მოქალაქეებს მეც მოვუწოდებ, არ მჭირდება პრეზიდენტი, მარტო ხმის მიცემა არ კმარა, უნდა გამოვიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები
ერთადერთი, ვინც ულტიმატუმს უყენებს საქართველოს, არის „ქართული ოცნება“ და ეუბნება, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, საქართველო არ იარსებებს, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოზე მეტი, ასეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ოპოზიცია აფასებს პრეზიდენტის მონდომებას, რომ ერთიანობა იყოს.
„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის მონდომებას, რომ დაფიქსირდეს ერთიანობა, შეიცვალოს რეჟიმი, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებული ვართ არა რომელიმე ლიდერის განცხადებაზე, არა რომელიმე ლიდერის ირგვლივ, არამედ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც აქვს საქართველოს მოქალაქეს. მე გეტყვით, რა სჭირდება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეს სჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილი, ევროკავშირი, ევროკავშირის პასპორტი, რომ ზუსტად ის ცხოვრების დონე და წესი, რაც ევროპაშია, საქართველოშიც შემოვიდეს. „ქართული ოცნება“ ისეთ ზღვარზე გადავიდა, ვენესუელის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, ირანის, კონგოს ლიდერებთან ერთად, იქ არჩევნები არ ტარდებოდა, რისკი დავინახე არჩევნების სამართლიანად ჩატარების. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მეც მოვუწოდებ, არ მჭირდება პრეზიდენტი, მარტო ხმის მიცემა არ კმარა, უნდა გამოვიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები, რადგან შესაძლოა, ვენესუელის მსგავსად, „ქართულმა ოცნებამაც“ თქვას, ჩვენ მივიღეთ 52 პროცენტი და არ გვაინტერესებს, ოქმებში რა წერიაო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „არ მჯერა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეიძლებოდეს ერთ პრემიერზე შეთანხმება, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, მაგრამ ჯერ ჭიდაობენ“.