პაატა მანჯგალაძე - ჩვენ გვეყოლება როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები, ვფიქრობთ, სექტემბრის დასაწყისია ოპტიმალური ვადა, როცა შეგვიძლია, დავასახელოთ
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება.
„თვითმმართველობის არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება სრულფასოვნად ჩართული და წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები. ეს გვჭირდება, რათა საერთო პოზიციურ ყულაბაში 43-პროცენტიანი რეფერენდუმის პირობებში მივიტანოთ რაც შეიძლება მეტი პროპორციული ხმა. ეს არის ჩვენი სტრატეგია, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, რომ ქვეყანას სჭირდება მრავალფეროვანი არჩევანი. ის, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შავ-თეთრ არჩევანს ან ცუდსა და უარესს შორის არჩევანს, ამის საპირწონე, ამის საპირისპირო არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეთავაზება, რომ მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ საზოგადოებას, რათა საერთო ჯამში წარმატებას მიაღწიოს ოპოზიციამ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაგეგმილი ჰქონდა 20 აგვისტოდან ხალხის მონაწილეობით ფართომასშტაბიანი წარდგენები, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მათ გეგმებში ცვლილებები შეიტანა.
„ჩვენ შევეცდებით, ნაკლებად ხალხმრავალი შეხვედრები გავაკეთოთ ან ბევრი არ გავაკეთოთ ამ პირობების გათვალისწინებით. ყველა შემთხვევაში, როცა პიკზეა პანდემია, ამას ვერ გავაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის დასაწყისი არის ოპტიმალური ვადა, როცა შეგვიძლია უკვე დავასახელოთ კანდიდატები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, პირიქით, ჩვენი ყველა ლიდერი ახლა გაშლილია რეგიონებში, მუშაობენ უბან-უბან, პირისპირ ხვდებიან ადამიანებს. ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც მოახდენს რეაგირებას იმ საჭიროებებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც ხალხს აწუხებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ხალხის ხმა არჩევნების დროს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.