პაატა მანჯგალაძე - ბატონო გურამ, სჯობს, ყველა ერთ გემზე შევაგროვოთ ჯაშუშებად და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ პრობლემას
სჯობს, ყველა ერთ გემზე შევაგროვოთ ჯაშუშებად და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოვაგვარებთ პრობლემას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ზეწოლა, მათ შორის ფსიქოლოგიური, ცუდია. ვინც არ უნდა იყოს, დამნაშავესაც აქვს თავისი უფლებები და არ შეიძლება, ასეთი რამის გაკეთება, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის არ გაახსენდა, მისი კოლეგა ლევან ხაბეიშვილი რომ სცემეს? მერე ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ცხვირ-პირს უერთიანებდნენ? ახალგაზრდები საკუთარი ცოლ-შვილის წინაშე რომ სცემეს? სახლში რომ ურეკავდნენ ოჯახის წევრებს? ამაზე რეაქცია არ ჰქონია და თურმე ღირსება შეელახა. ნებისმიერი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მე არ მომწონს არანაირი ფორმის ბულინგი, მაგრამ გურამ მაჭარაშვილიც რომ გამოსულიყო აქ და ერთი სიტყვა ეთქვა, ხაბეიშვილის მისამართით რაც მოხდა, უკანონობა და დანაშაულიაო, მის წინააღმდეგ აგრესიას შეამცირებდა.
რუსეთშიც შემდეგ ჩაამატეს სპეციალური მუხლები. პირველ ეტაპზე ჩაამატეს, რომ უნდა დაიწერო, რომ აგენტი ხარ; მერე თქვეს, რომ შენ თუ უცხოეთი გაფინანსებს, საჯარო ლექციების წაკითხვის უფლება არ გაქვს და ახლა მიიღეს ცვლილება, თუ უცხოეთის გავლენის ჯაშუშად გამოგაცხადა პუტინმა, არ გაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გურამ მაჭარაშვილი აქ მივიდა დაახლოებით, რომ ეს ხალხი ყველა შევაგროვოთ ჯაშუშებად, სჯობს, ერთ გემზე შევაგროვოთ, ბატონო გურამ, ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, მათი დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება“.