პაატა მანჯგალაძე - არესტოვიჩი გაბრაზებულია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოაგდეს, გაბრაზებული ადამიანის განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის
არესტოვიჩი გაბრაზებულია, რადგან პრეზდენტის ადმინისტრაციიდან გამოაგდეს. ჩემთვის გაბრაზებული ადამიანის განცხადებები საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს და არანაირი ავტორიტეტი არესტოვიჩი არ არის.
„შეგიძლიათ, ჩემი განცხადებები ამოიღოთ. ომთან დაკავშირებით არესტოვიჩის განცხადება არასდროს მომიწონებია. „ქართულ ოცნებას“ რას აძლევს იმის პროპაგანდირება, რომ არესტოვიჩი რაღაცას ლაპარაკობს, რას გვაძლევს იმაზე ფეხის და ხელის დაჭერა, რომ არესტოვიჩმა ეს და ის თქვა? მოგწონთ, ანტიდასავლური განცხადება რომ გააკეთა? არესტოვიჩი ამბობს, თურმე რუსეთი ყოფილა მართალი, რუსეთს უნდოდა მშვიდობა და უკრაინას – ომი. ამ მავნებლობას ამბობს და ამის პროპაგანდა რას ემსახურება? ევროპული დირექტივების შესრულება ესაა, ანტიდასავლური პროპაგანდა არ მოახდინოთო? უამრავი ადამიანია, ვინც ასე უკუღმა ლაპარაკობს და მაშინ ეთერებში ეს ხალხი დაპატიჟეთ და ელაპარაკეთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, ნიკოლაი ფელდმანთან „იუთუბარხზე“ ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებითა და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს“.