პაატა მანჯგალაძე - არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ყველა გურულს ევროპული პასპორტი და პენსია ექნება
სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები, დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, თხილის მაფია, აი, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი გურიაში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ოზურგეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გურიაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპენსიო დავალიანებები, თხილის მაფია და უმუშევრობის პრობლემა გურიაში დასრულდება.
„მთავარი კითხვა ახლა არის, რა მოუტანა ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ საქართველოს და კონკრეტულად გურიას? – სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები. დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, აი, ეს არის ივანიშვილის 12 -წლიანი მმართველობის შედეგი. თხილის მაფია ადგილზე, რომელიც ძალიან იაფად იძენს გლეხის ნაშრომს და ნარკომაფია. აი, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი. „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, როგორ გავხადოთ პენსია 1000 ლარი, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, ჩამოვაწეროთ პენსიონერებს უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტიდან გამომდინარე დაგროვილო დავალიანება, საპენსიო დავალიანების განულება, დავამარცხოთ თხილის მაფია, – ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ჩვენ ვაპირებთ გურიაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. პირველი, ეს არის ევროპული პასპორტი, რომელიც ექნება ყველა გურულს და ყველა ქართველს, ყველას ექნება ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არჩევნები არის იმაზე, თუ სად გვინდა ცხოვრება, სიღატაკეში თუ განვითარებულ და ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.