პაატა მანჯგალაძე - არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატ ნიკა მელიას საკმაოდ რთული ამოცანა აქვს, რადგან დამატებით 60 ათასი ხმა სჭირდება
ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს ნიკა მელიას საკმაოდ რთული ამოცანა აქვს, რადგან დამატებით 60 ათასი ხმა სჭირდება და ამას ყველა განწყობის ოპოზიციურ ამომრჩეველთან დიდი მობილიზება და თანამშრომლობა სჭირდება.
ჟურნალისტებთან საუბარში პაატა მანჯგალაძე ოპოზიციური პარტიების მხრიდან კოალიციის შექმნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი ევროპული პრეცედენტია, როცა გამარჯვებამდე, პარტიები იმ სავარაუდო გუნდს ასახელებენ, რომელიც კონკრეტული დაპირების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებენ.
„ეს არის ალტერნატიული მთავრობა ოპოზიციისგან და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, საგანგაშოა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში მმართველი პარტია რევოლუციურ შტაბს ხედავს. ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.