პაატა მანჯგალაძე - არჩევნებამდე დარჩა ოთხი თვე, განვითარება და ევროპა ვისაც გვინდა, ხმას ვაძლევთ ოპოზიციას
ბორელის განცხადება ნიშნავს, რომ მავნებელი ხელისუფლება ვიდრე გეყოლებათ, ევროპის კარი დაკეტილიაო, როცა ამათ მოიშორებთ, აგერ, ორი ხელით გელოდებითო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ხალხმა განვითარებასა და რუსულ ჭაობს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
„არჩევნებამდე დარჩა ოთხი თვე, არც კი. რა არის არჩევანი? ვისაც გვინდა განვითარება და ევროპა, ხმას ვაძლევთ ოპოზიციას, ვისაც გვინდა რუსული ჭაობი და გენატრებათ – „ქართულ ოცნებას“ და რუსეთს. სანქციები უნდა დაუწესდეს არა ქვეყანას და ხალხს – რა დააშავა ხალხმა და ქვეყანამ – სანქციები უნდა დაუწესდეს იმ ხალხს, ვისაც ჩვენთვის არ ემეტება ევროპა და ამერიკა. ამიტომ მათთვის არ უნდა იყოს არც ევროპა და არც ამერიკა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველოზე გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ზომების მიღება. ხელისუფლება თუ განაგრძობს იმავე გზას, რასაც აკეთებს, კარი დაიხურება“.