პაატა მანჯგალაძე - არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება, სამართალი ურმით დადის
პაატა მანჯგალაძე - არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება, სამართალი ურმით დადის

ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში არიან ჩართულნი, მათ შორის საუბარი იყო როგორც ფარმაკოლოგიურ, ისე დარიშხანით მოწამვლაზე, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბრაუდერის განცხადებას.

„ორი მექანიზმი არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნა და შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში შეკრება და ვინც თავს ოპოზიციად თვლის, ასეთი 50 ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ გზით წავიდეთ. ან მეორე, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას რაღაც სამუშაო ფორმატი და გამოვკვეთოთ ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რა მდგომარეობაშიც ის დღეს იმყოფება. ვითომ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა სავალალოა. ზღვარზეა მისული, რამდენჯერ დაკარგა გონება. რას ველოდებით? ადამიანი ნელი სიკვდილით გარდაიცვალოს?“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ხალხის პროტესტისა და საერთაშორისო მექანიზმების, სანქციების ამოქმედებით შესაძლებელია სააკაშვილის გადარჩენა.

„პარტია „ქართულ ოცნებაზე“ ორი რამ იმუშავებს, ხალხის პროტესტი, და ყველაფერს გავაკეთებთ ერთი პარტია, ერთი ადამიანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა სააკაშვილის მდგომარეობაზე; მეორე, საერთაშორისო მექნიზმები და სანქციები. ამ ორი მექანიზმით შესაძლებელია სააკაშვილის გადარჩენა. 1993 წელის დეკემბერში სპეცოპერაციის შედეგად პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპა და არ მინდა, მესამე პრეზიდენტსაც რუსეთმა იგივე სპეცოპერაცია ჩაუტაროს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება. მანჯგალაძის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში მონაწილეობდა.

„სამწუხაროდ, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ როგორც პირველი პრეზიდენტის დროს შერჩათ მთელ რიგ ადამიანებს პირველი პრეზიდენტის დამხობა, ჰგონიათ, საქართველო ისე გაარძელებს კურსს და არავინ დაისჯება ამის გამო. არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია, რომელსაც უტყვიოდ ატარებენ, ვინმეს შერჩება. სამართალი ურმით დადის. მთავარი ახლა ადამიანის გადარჩენაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში მონაწილეობდა. პირობას ვდებ, ვიდრე თავისუფალი საქართველო იქნება, არცერთი პრეზიდენტის მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩება. მით უმეტეს, სააკაშვილი ცოცხალია და ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.