პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მიერ არანაირი საარჩევნო რეფორმა არ არის შემოთავაზებული, ფსევდორეფორმას მხარს არ ვუჭერთ
„ქართული ოცნების“ მიერ არანაირი საარჩევნო რეფორმა არ არის შემოთავაზებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წარმოადგინეს დასკვნის პროექტი, სადაც პოზიტიური შეფასებები იკვეთება.
პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ფსევდორეფორმას მხარს არ დაუჭერს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან რაც მოვისმინეთ, ეს იყო წყლის ნაყვა, ჩვეულებრივი პიარი, თითქოს საარჩევნო რეფორმაა, თვითმმართველობის ორგანოში კანდიდატს, ხუთი წლის ნაცვლად, ერთწლიანი ცენზი რომ მოეთხოვება. ეს არის დადებითად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. სხვა აშკარა ხელშესახები საუბარი პოზიტივზე იმ დასკვნაში არ არის.
„ქართული ოცნება“ კვლავ ძალაში ტოვებს იმას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა აქვს გასული, არ აურჩევია არავის და აწ და მარადის უკუნისამდე შეიძლება იყოს თანამდებობაზე. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს პოზიტიურია. წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა და თურმე ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ოპოზიციის პროექტით შესაძლებლობა ეძლევათ, „ქართული ოცნების“ პროექტით – არა. როდესაც 400 ათასი ძველი პირადობის მოწმობა არის დარჩენილი საზოგადოებაში, რომელიც ჩვეულებრივად ყალბდება ლამინირების აპარატით, თურმე ეს საარჩევნო რეფორმაა. ასევე, 30 პროცენტში ახალი ტექნოლოგიის გარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ დარჩება, სადაც 20 პროცენტში ნამდვილად აყალბებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს, თურმე ეს ძალიან კარგი ყოფილა. სწორედ ამ შენიშვნების გამო ჩვენ ფსევდორეფორმას მხარს არ ვუჭერთ. „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა პრინციპული საკითხები, რაც დაკავშირებულია ცესკო- ს თავმჯდომარესთან, რომელიც უვადოდ არის არჩეული. ადამიანი, რომელიც არავის არ აურჩევია, ვადაგასული ადამიანი.
ერთ მილიონზე მეტ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ასევე, პრინციპულია, ამოღებულ იქნას და არ დარჩეს ძველი პირადობები. 100 პროცენტით ელექტრონული არჩევნები და არა, 70-ით ან თუნდაც 80 პროცენტით. ასევე, როგორც ვიცით, სოსო გოგაშვილის ფაილებში დადასტურებულია, რომ 20 პროცენტში ყალბდება არჩევნები, გადაგზავნილია პროკურატურაში სახელებითა და გვარებით, ვინ როგორ გააყალბა და საქმე აღძრული არ არის. ამ რისკებს რომ ვხედავთ, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის წყლის ნაყვა და არანაირი საარჩევნო რეფორმა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.