პაატა მანჯგალაძე - ამერიკის ელჩი გვესაუბრება ამერიკის პოლიტიკის შესახებ, ჩვენი პარტნიორების პოლიტიკაა, რომ რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიას, ბუნებრივია, ამის გამო ნაწყენები არიან
ნებისმიერ ქვეყანაში ელჩი კონკრეტულ სახელმწიფოს წარმოადგენს, ამერიკის ელჩი გვესაუბრება ამერიკის სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ. ჩვენი პარტნიორების პოლიტიკაა, რომ რუსული კანონი ბლოკავს ყველანაირ პერსპექტივას ცივილიზებულ სამყაროსთან, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივას და ძირს უთხრის დემოკრატიას. ბუნებრივია, ამის გამო ისინი ნაწყენები არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, არჩევნების შეფასებაზე გავლენას მოახდენს, არჩევნების ჩატარების რეალობა რაც იქნება.
„შენ თუ ამ კანონით მტრად აღიქვამ პარტნიორებს და უწესებ განსაკუთრებულ წესებს, მაშინ ისინიც, თავის მხრივ, სარკისებურად გიწესებენ წესებს. შენ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწესებ წესებს და შეზღუდვებს, მეგობარს არ ენდობი და მტრად აცხადებ, ისიც სარკისებურად გეუბნება, მაშინ შენ რად გინდა ვიზა ამერიკაში, იარე რუსეთში. გამჭვირვალობის კანონზე უფრო მნიშვნელოვანი ასევე არის ის, როგორ ექცეოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. დღისით, მზისით სცემდნენ ლიდერებს; სახლთან უსაფრდებოდნენ აქტიურ მოქალაქეებს. სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული მოქალაქეების მიმართ და არცერთი პირი, რომელმაც ეს ძალადობა ჩაიდინა, პასუხისგებაში არ არის მიცემული. არჩევნების შეფასებაზე გავლენას მოახდენს, არჩევნების ჩატარების რეალობა რაც იქნება. ამერიკას განსაზღვრული აქვს ქვეყანაში გრძელვადიანი მისიების შემოყვანა, რა შედეგიც იქნება, იმას იტყვის. იმის გამო, რომ შენ რუსული კანონი მიიღე, თუ დარღვევები არ იქნება, არავინ არჩევნებს არალეგიტიმურად არ გამოაცხადებს. მართალია, რომ ამერიკა და ევროპა არის სიმართლის გზა და საქართველოს გაძლიერება და იქით არის რუსული ჭაობი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვიწროპარტიულად უყურებენ ამას და თუ ახლა თავისი პარტიის ნომერი არ დაწერა და თავისი პარტიის ფერი არ გამოაქვეყნა, ჰგონია, რომ ქვეყანა ამით ვერ განვითარდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.