პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში რისკებს ხედავს, თუმცა მისი შექმნის ინიციატივას მხარს დაუჭერს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პარტია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაში რისკებს ხედავს, თუმცა მისი შექმნის ინიციატივას მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, საკითხზე რისკები არსებობს არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნაში, ასევე მისი მუშაობისას გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.
„მართლმსაჯულების სისტემაში არსებული კორუფციისა და მართლსაწინაარმდეგო ქმედებების გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ კომისიის მუშაობაში რისკებს ვხედავთ, მაგრამ მის შექმნას მხარს ვუჭერთ. კოლეგების სურვილს ვითვალისწინებთ, რომ ასეთი კომისია იმუშავებს. ჩვენ რისკებს ვხედავთ არა მარტო შექმნაში, არამედ შიგნითაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაძლებელია ოპოზიციის კვოტაში იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას დაბლოკავენ. ასევე, რისკია ის, რომ ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს „ქარული ოცნების“ წარმომადგენლებმა, კლანმა და თქვენ გგონიათ, რომ საგამოძიებო კომისიაზე მოვა რომელიმე მოსამართლე?! არ არსებობს. ერთადერთი შანსი გვაქვს, ყოფილ მოსამართლეებს თუ ექნებათ სურვილი, ეს ხალხი დავიბაროთ, ასევე ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ ჩართული იყვნენ. არ უნდა იყოს ისე გაგებული, თითქოს ეს საგამოძიებო კომისია გვჭირდება სანქცირებული მოსამართლეების გადაწყვეტილების რევიზიისთვის. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მაგრამ მათზე რომ გავრცელდეს არა მარტო სავიზო შეზღუდვა, არამედ სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობები, ამიტომ გვჭირდება საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.