პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს და მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს
პირველმა პრეზიდენტმა გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე და არ მინდა, მესამე პრეზიდენტმაც საპატიმროში, შიმშილობის პროცესში დაასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„სწორია, არასწორია, ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ? ადამიანურად ვსაუბრობ. მე, როგორც ადამიანს, არ მინდა, მესამე პრეზიდენტმა ასე დაასრულოს და საერთოდ, იურისტი ვარ, კონსტიტუციონალისტი და ნატვრასავით მაქვს, როგორც ამერიკაში ახერხებს სამი პრეზიდენტი ერთად ფოტოს გადაღებას, ყოფილმა პრეზიდენტებმა საქართველოშიც გადაიღონ ფოტო და ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავდეს დაჭერას, ან სიკვდილს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს და მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა პატიმარი ციხის საავადმყოფოს გარეთ გადაჰყავთ.
გადაცემის წამყვანის თქმით, როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, ამ პატიმრებთან მიმართებაში იყო მძიმე, საოპერაციო შემთხვევები, არ ყოფილა ისე, რომ კონკრეტულ მომენტში პატიმარს მოუნდა და გარეთ გაიყვანეს, რაზეც პაატა მანჯგალაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ აქვთ პატარა პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში შემცირებული ელექტორალური მხარდაჭერა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშნებლის“ შემთხვევაში ამას ბევრი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზი აქვს – ფინანსების ნაკლებობა, მცირე რეგიონებზე ხელისუფლების კონტროლი, საინფორმაციო სივრცის მონოპოლია და ასე შემდეგ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა ელექტორალური მხარდაჭერის შემცირების მიზეზი ის, რომ იმ აქტივობების შემდეგ, რომელიც არჩევნებს მოჰყვა, შესაძლოა, ამომრჩეველმა ვერ დაინახა ზღვარი „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და ძირითად ოპოზიციურ პარტიას შორის და ამ გადმოსახედიდან, დამოუკიდებლად არსებობის რა რესურსი აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ყველას გამარჯვებულის მხარეს ყოფნა უნდა, პოლარიზებულ გარემოში კი ან ერთი იქნება გამარჯვებული, ან მეორე, რადგან ასეთ ვითარებაში მესამე, მეოთხე და მეხუთე გამარჯვებული ბუნებაში ვერ იარსებებს.
„სამართლებრივ დონეზე შეიძლება, თანაბარი კონკურენცია არსებობდეს, მაგრამ რესურსობრივად, პარტიებს შორის მართლაც დიდი უთანასწორობაა. პარტიების ხარჯები რომ ნახოთ, ჩვენ დაფინანსებით მერვე ადგილზე ვართ და შედეგებით მეექვსე ადგილზე გავიდა. ხშირად კითხულობენ, რატომ უჭირთ შუა პარტიებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ყველას უნდა გამარჯვებულის მხარეს ყოფნა და ამ პოლარიზებულ გარემოში ან ერთი იქნება გამარჯვებული, ან მეორე, თორემ მესამე, მეოთხე და მეხუთე გამარჯვებული ბუნებაში ხომ ვერ იქნება? მე რომ კონკრეტული პროგრამებით დავდიოდი და ხალხს, მაგალითად, გლეხს ვეუბნებოდი, ქვეყანას მესამე ძალა სჭირდება იმისთვის, რომ ეს პოლარიზება დავასრულოთ, თქვენი კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე ვილაპარაკოთ და არა იმაზე, წინა ცხრა წელი რა იყო და ახლანდელი ცხრა წელი რა არის-თქო, მეუბნებოდა, შვილო, მესმის, ეს მესამე გზა რაც არის, მაგრამ ჩემთვის სულერთია, მესამე გზა იქნები, მეოთხე, თუ მეხუთე, ის ყოველდღიური პრობლემა მომიგვარე, შიმშილი და სიღარიბე, რასაც ვეჭიდებიო. მე ველაპარაკებოდი დემოკრატიის კულტურაზე, დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე და ამ დროს, ადამიანს ჰქონდა საყოფაცხოვრებო პრობლემები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჰქონდა საქართველოს განვითარების გეგმა ოცი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, მათ შორის, საინფორმაციო სივრცის მონოპოლიის არსებობის გამო, პარტიამ სათქმელის ადამიანებამდე მიტანა ვერ შეძლო.
„როცა ადამიანს სთავაზობ, სადღაც გამოგყვეს, ჯერ კარგად უნდა აუხსნა, სად მიგყავს და სად მიგვყავს, ამის თქმა ვერ მოვასწარით ამომრჩეველთან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.