პაატა მანჯგალაძე - აბსოლუტურად მესმის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების, ამ პროცესში ყველაზე უპასუხისმგებლოდ ხელისუფლება იქცევა
აბსოლუტურად მესმის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ პროცესში ყველაზე უპასუხისმგებლოდ ხელისუფლება იქცევა, რომელმაც ამ ხალხთან დიალოგის დრო ვერ გამონახა.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით აქციები 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს. აქ ძალიან ძნელია ტყუილის და სიმართლის გარკვევა. მაგალითად, ჩვენ შევხვდით ადამიანებს და ისინი ამბობენ, რომ აშენდება 100 მეტრზე დიდი კაშხალი. სესიმურად აქტიური ზონაა და უსაფრთხოების სტანდარტები არ იქნება დაცული. ქუთაისს 35-მეტრიანი ტალღა წალეკავს, მერე ფოთამდე ჩავა 9-მეტრიანი ტალღა. ასეთ რაღაცებს თუ ვეტყვით საზოგადოებას და ამას დაიჯერებენ. მეც რომ იქ ვცხოვრობდე და ადგილობრივი მოსახლეობა ვიყო, მეც გამოვიდოდი და ჩავერთვებოდი პროტესტში. ამ ადამიანების აბსოლუტურად მესმის. ამ პროცესში ყველაზე უპასუხისმგებლოდ ხელისუფლება იქცევა, რომელმაც ამ ხალხთან დიალოგის დრო ვერ გამონახა და მათ ელაპარაკება სპეცრაზმის და პოლიციის ენაზე.
ხელისუფლების ბოლო დროინდელი განცხადებები იყო, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ჩვენ დასაბუთებული ვარაუდი თუ გვაქვს, რომ ეს პროცესი მართულია გარე ძალის მიერ, ამაზე ხელისუფლებამ ყურმოკრული ჭორების დონეზე კი არ უნდა ისაუბროს, უნდა ჩაატაროს გამოძიება და უნდა თქვას, ვინ არის ჩართული გარე ძალიდან, ვინ იხდის ამ პროცესში ფულს და ვინ არის გულწრფელად შეცდომაში შეყვანილი, რომ ამ ადამიანებთან ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია.
დენი არ გვინდა და ენერგეტიკა არ გვინდა, ასეთი განცხადებები 21-ე საუკუნეში სწორი არ მგონია. კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. თუ დაცულია კანონმდებლობა და უსაფრთხოების ნორმები, რაც კაშხლის და ჰესის აშენებასთანაა დაკავშირებული, რა პრობლემაა, რომ ჰესი იყოს, ოღონდ იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც საქართველოშია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
დეპუტატის თქმით, ჯგუფი, რომლის შექმნაც პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, ფორმალური ხასიათის არ უნდა იყოს.
„ჩვენ უნდა ვნახოთ, რა შინაარსია, რა უფლებამოსილება ექნება, რა ვადით და რა გუნდით დაკომპლექტდება ეს ჯგუფი და ამის მერე გადავწყვეტთ, ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ თუ არა“, – აღნიშნა მან.