პაატა კვიჟინაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომლის მიზანია, მთავრობა ცუდად გამოაჩინოს და ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყოს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომლის მიზანია, მთავრობა ცუდად გამოაჩინოს და ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვას ჩინეთის ჩართულობა უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის პორტს, ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი არც ამერიკულ და არც ევროპულ კომპანიებს არ გამოუთქვამთ, რადგან არ არის მომგებიანი, თუ იქ ტვირთი არ არის. ტვირთი გაჩნდება მაშინ, თუ ამ საქმეში ჩინეთი ჩაერთვება, რომელიც ევროპასთან 800 მილიარდამდე ვაჭრობს. თუ ჩინეთი გადაწყვეტს, რომ ეს ტვირთი წამოვიდეს შუა დერეფანში, იმდენი ტვირთი გვექნება, რამდენის გატარებასაც შევძლებთ. სად არის ტვირთი, ჩინეთის გარდა? ჩვენ სამეცნიერო უნივერსიტეტს არ ვაშენებთ, პორტს ვაკეთებთ, სადაც ტვირთბრუნვა უნდა იყოს. ჩინეთის პრეზიდენტი ჩასული იყო საფრანგეთში, სადაც ლიდერებს შეხვდა. ევროკავშირის ლიდერებიც ჩინეთში ჩადიან. ეს არის ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირება, რაშიც ვერ ჩავერთვებით, ამის არც ძალა გვაქვს და არც სურვილი. გლობალური ბრძოლაა ლიდერობისთვის. ეს არის გლობალური ბრძოლა მსოფლიოს გადანაწილებისთვის, რაც უფრო გაძლიერდება და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, შარში არ უნდა გავეხვიოთ“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.
ცნობისთვის, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა: „ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ არჩევნების მოგება“.