პაატა კვიჟინაძე - რომელ პოლიტიკურ საკითხებზეც არ უნდა ვიკამათოთ, ეს არ უნდა შეეხოს ბანკს, ასეთი სტრუქტურის მუშაობას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას, მოვუწოდებ პრეზიდენტს, კანდიდატურები წარმოადგინოს
რომელ პოლიტიკურ საკითხებზეც არ უნდა ვიკამათოთ, ეს არ უნდა შეეხოს ისეთ ორგანოებს, როგორიც ბანკია. ასეთი სტრუქტურის მუშაობას რაიმე დაბრკოლება არ უნდა შეექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
პაატა კვიჟინაძე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინოს.
„ეროვნული ბანკის საბჭოში ახლა შვიდი წევრია და ორი ვაკანტური ადგილია. საბჭოს წევრებს პრეზიდენტი წარმოადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. 2 მარტს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურებოდა, შევხედეთ, რომ არავითარი პროცესი არ მიმდინარეობდა საბჭოს ახალი წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კანონში იყო ბუნდოვანება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ვინ შეასრულებდა მის მოვალეობას. ამიტომ მივიღეთ ახალი კანონი. ამ კანონში სიახლე ისეთი არაფერია – პირველი პირი თუ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ასრულებს პირველი მოადგილე. პირველი მოადგილეც თუ ვერ ასრულებს, მაშინ საბჭოს წევრები დაავალებენ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს. ქალბატონმა პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ჩვენი კანონის ორი პუნქტიდან ერთ-ერთი ამოიღო. განაცხადა, რომ დაიწყებდა მუშაობას თანამდებობების შესავსებად. ჩვენ ეს სიხარულით მივიღეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არჩეული თუ იქნებოდა, მშვიდად ვიქნებოდით. მთავარი საკითხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევაა. ამის შემდეგ პრესიდან გავიგე, რომ 19 კანდიდატურა აარჩიეს, მათგან შემდეგ შეარჩიეს რვა. რვავესთან მოხდა გასაუბრება, რის შემდეგაც პროცესი გაჩერდა. გავიდა თვეები და არაფერი ისმის. დგება საკითხი, რა ვქნათ, ვინც ახლა ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, მასაც გასდის უფლებამოსილების ვადა. მინდა, პრეზიდენტს ვუთხრა, რომ ეს დაუშვებელია. რომელ პოლიტიკურ საკითხებზეც არ უნდა ვიკამათოთ, ეს არ უნდა შეეხოს ისეთ ორგანოებს, როგორიც ბანკია. იქ ყველაფერი უნდა მიდიოდეს ისე, რომ ასეთი სტრუქტურის მუშაობას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას. მოვუწოდებ, ჯერ კიდევ არ არის გვიან და კანდიდატურები წარმოადგინოს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო. როგორც პრეზიდენტმა მაშინ აღნიშნა, ცვლილებებით შემოდის ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ეჭვს იწვევს. ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. მათივე განცხადებით, ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში ვერ დაუშვებენ.