პაატა კვიჟინაძე - პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, კომიტეტმა განიხილა ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, თუმცა არ დავუჭირეთ მხარი მათ, რომლებიც სხდომაზე არც კი მოვიდნენ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების გაწვევის მექანიზმი არ არსებობს.
მისივე თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი უყარეს და მათ მხარი არ დაუჭირეს.
„სამი დღით ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვიდასტურეს კანდიდატების მოსვლაც. ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო, გადაგვედო, ორი კვირის ვადის შეზღუდვა გვაქვს. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს ბრძანა, რომ მხარს არ უჭერენ თუ სიტყვა „გამოწვევა“ გამოიყენა. არ არის არც კანონში, არც რეგლამენტში, არც არსად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის გაწვევა. ეს მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც არც დაგვაფასეს და არც მოვიდნენ. ჩვენ, კომიტეტმა არ დავუჭირეთ მხარი, რაც მოხდა, ნახეთ, თუმცა სესიას აქვს საბოლოო გადაწყვეტილების უფლება.
წარმოუდგენელია, პრეზიდენტს არ ესმოდეს, თუ საბჭო არ იფუნქციონირებს, რა იქნება. ამიტომ მაქვს იმედი, რომ რაღაცნაირად მაინც შევთანხმდებით და ერთხელ მაინც გადადგამს ნაბიჯს, რომ კონსულტაციები გავწიოთ. თუ ეს არ იქნება, არის გზები, რომლებიც ბანკის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრემა მათ მხარი არ დაუჭირეს.