პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - მთავრობის დახმარება ფიზიკურ პირებსა და საწარმოებზე 4,5 მილიარდი ლარი გამოდის, ვერ ვხვდები, რა გინდათ
გავიხსენოთ 2008 წელი. არანაკლები კრიზისი იყო, თუ უფრო დიდი არა. გაიხსენეთ, ერთი თეთრი მიუციათ მოსახლეობისთვის? რომელიმე საწარმოსთვის მიუციათ რაიმე სახის დახმარება? ჩვენი მთავრობის დახმარება ოთხ მილიარდ-ნახევარი ლარი გამოდის ფიზიკურ პირებზე და საწარმოებზე და ვერ ვხვდები რა გინდათ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა კვიჟინაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე.
„ეს არის პატარა ნაწილი იმ დიდი დახმარებისა, რაც მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გასცეს საქართველოს მოსახლეობისთვის და ამ პატარა კანონშიც რატომღაც ყველამ გაამახვილა ყურადღება საშემოსავლო გადასახადზე, როცა იქ სხვა გადასახადებიც არის ნახსენები. ოპოზიცია ყოველთვის გვეუბნებოდა, დატოვეთ ეკონომიკაში თანხა. რჩება 235 მილიონი. რა გნებავთ, ვერ გავიგე. ამასთან, ხდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამის გარდა, აქ საუბარი იყო თანხის მიღებაზე. ერთ-ერთმა პირველმა, საქართველომ მოახერხა შეთანხმება საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა მოაქვს საქართველოს. სავალუტო ფონდმა გააკეთა ამაზე განცხადება. თვითონ ის ფაქტი, რომ სავალუტო ფონდი ამბობს, მიეცით საქართველოს ეს თანხები, ეს უკვე არის უზარმაზარი წარმატება. ამას ვერ აღწევს ქვეყნების 90 პროცენტი“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
კვიჟინაძის განცხადებით, მიუხედავად ეკონომიკური ვარდნისა, რომელიც შექმნილი ვითარების ფონზე გარდაუვალია, ბიუჯეტი იქნება რეალური და მასში ყველაფერი შესაბამისად იქნება ასახული.
„ბიუჯეტი აუცილებლად შემოვა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ აპრილი იქნება ყველაზე რთული თვე, იმიტომ, რომ გაჩერებული იყო ყველაფერი. ეკონომიკური ვარდნა თავისთავად იქნება და ხომ უნდა ვნახოთ, რამდენი იყო ეკონომიკური ვარდნა? მაისის ბოლო რიცხვებში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხომ უნდა შევხედოთ, დავინახოთ, რა უნდა ჩაიწეროს იქ, მერე იტყვით, არარეალური ბიუჯეტი იყოო. ამიტომ ბიუჯეტი აუცილებლად შემოვა და იქ იქნება ყველაფერი ჩაწერილი, რაც საჭიროა. რაც შეეხება დახმარებებს, დახმარებების გაცემა უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება, ამასობაში ბიუჯეტიც დაეწევა და ყველა დახმარება, რაც იყო ნათქვამი, გაიცემა“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.