პაატა კვიჟინაძე ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის, „მდგრადი მმართველობისა და მოქნილობის“ (EU4 Sustainable Governance and Resilience) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს მარკ ლიკის, ჟან ჩარლზ ამეელსისა და დავით შოშიტაიშვილს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის შემფასებელთა მისიას საფინანსო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი, პროგრამის მანდატიდან გამომდინარე, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მუშაობის პრინციპზე გაკეთდა. მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუდიტის ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილ ცენტრალური დონის ყველა ანგარიშს იხილავს.
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) თანახმად, უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ სამომავლო თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.