პაატა კვიჟინაძე - ანაკლიის პორტს არავითარი აზრი არ აქვს ჩინური ტვირთის გარეშე, ჩვენ თუ გვინდა 100-მილიონიანი პორტი, მაშინ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი
ანაკლიის პორტში, სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ფოთს და ბათუმს თუ რეკონსტრუქცია გაუკეთდება, ცოტა გავაძლიერებთ, ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისათვის, რაც ახლა არის, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
როგორც კვიჟინაძემ განმარტა, ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, ისინი შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები და, შესაბამისად, დიდი გავლენის მქონე არიან, ამიტომ ჩინეთიდან შემოსული ტვირთი არის ანაკლიის პორტისთვის სტაბილურობის გარანტი, რისი პრობლემაც ადრე არსებობდა.
„ჩვენ თუ გვინდა 100-მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი. რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან ხუთი პროცენტიც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები, მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აქტაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც, შუა აზიიდან წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი, პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი. ამიტომ ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო. თუმცა, მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი – ევროპული და ნაწილი – ამერიკული, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.