პაატა კვიჟინაძე - ამერიკისთვის ლიდერობის შენარჩუნება უპირველესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა, სხვის ინტერესებს გაატარებენ
პაატა კვიჟინაძე - ამერიკისთვის ლიდერობის შენარჩუნება უპირველესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა, სხვის ინტერესებს გაატარებენ

მსოფლიოს ყოველთვის მართავდნენ და დღესაც მართავენ იმპერიები. დღეს უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, ასევე, არიან ლოკალური ლიდერებიც: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვა, ყველა საკუთარი მიზნებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ამერიკა რასაც იტყოდა, ის სრულდებოდა ყველა მიმართულებით, დღეს „ხელთათმანი ესროლეს ამერიკას“ და აღარ ემორჩილებიან:

– სრულად – რუსეთი, ირანი, ჩინეთი;

– ნაწილობრივ – თურქეთი, საუდის არაბეთი, სრულად მუსულმანური სამყარო, ინდოეთი (არ უერთდებიან სანქციებს, ვაჭრობენ რუსულ და ჩინურ ვალუტებში და სხვა).

ხოლო დანარჩენი მსოფლიო ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება. დიდი ალბათობით, მომავალში მსოფლიოში გაჩნდება ორი-სამი გადაწყვეტილების მიმღები პოლუსი. ამერიკა, როგორც ადრე ყველა იმპერია, იბრძოლებს ბოლომდე.

ამ ფონზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვინ მოიგებს ომს? რუსეთი და მის უკან მდგომი ჩინეთ-ირანი თუ ამერიკა და დასავლეთი (ევროპას აქვს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, მაგრამ საერთოდ არ აქვს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, რაც ამერიკისთვის არის გადაცემული).

ყველა ამას შეჰყურებს, ვინ დათმობს. თუკი ამერიკამ დათმო, მისი უმთავრესი იარაღი – დოლარი საფრთხის ქვეშ დადგება (მოწინააღმდეგე სამეული ახალი საგადახდო საშუალების შექმნას დაიწყებს, რაც გაჟღერებული აქვთ), რაც ძალიან საშიშია, სწორედ ამიტომაც, ამ ფონზე მართლაც ვაჟკაცი, გმირი უკრაინელი ხალხი ნაკლებად აინტერესებს ორივე მხარეს, როგორც ითქვა, ბრძოლა იქნება ბოლო უკრაინელამდე.

აქვე გამოიკვეთა, რომ დასავლეთს რუსეთის სწრაფი წაგების ეშინია, რათა არ გამოიყენოს ატომური იარაღი (ყველაზე დიდი მარაგი ამერიკას და რუსეთს აქვთ, რუსეთს ცოტათი მეტიც), მდიდარი ქვეყნებისთვის ეს განსაკუთრებით დაუშვებელია, ეშინიათ.

რუსეთზე გამარჯვება თუ სურთ, უკრაინას კი არ უნდა გადასცენ ორი-სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“, რამდენიმე ათეული „ჰაიმარსი“, „აბრამსი“, „ლეოპარდი“, შორი მოქმედების რაკეტა „ატაკამსი“ და რამდენიმე თვითმფრინავი, არამედ: 1 000 „ჰაიმარსი“, ათასობით „აბრამსი“, „ლეოპარდი“ და „ატაკამსი“, ასეულობით და ათასობით თვითმფრინავი F-15 და F-16 (რომლებიც მოძველებულია, ამერიკას უკვე აქვს თანამედროვე თაობის F-35 და სხვა თვითმფრინავები დიდი რაოდენობით), ასევე ასეულობით თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი“. რომ წარმოიდგინოთ, საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში იდგა 1 000-მდე მაშინდელი თანამედროვე თავდაცვის სისტემა – S-300. ასეთ შემთხვევაში უკრაინა მოიგებს ომს, მაგრამ ომი მიდის არა მოგებისთვის, არამედ რუსეთის გამოფიტვისთვის, რასაც ეწირება უკრაინა. ვნახოთ, რა იქნება!

რუსეთმა ოფიციალურად თავდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 30%-მდე აიყვანა (რეალურად, ალბათ უფრო მეტია). უჭირს, თუმცა 4%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

რაც შეგვეხება ჩვენ, რომლებსაც გულწრფელად ყველას გვინდა დასავლეთში, „სახიფათო დრო“ დაგვიდგა მოლდოვა-უკრაინასთან ერთად, რადგან დასავლეთის მხარდაჭერისა და სურვილის მიუხედავად, მიგვიღონ თავისთან, ეს ახლა მეორეხარისხოვანია. უპირველესია ამერიკისთვის ლიდერობის შენარჩუნება (რასაც ძალიან დიდი ფასი აქვს). ამისთვის, მათ სჭირდებათ არა ეროვნული, არამედ უპირობო შემსრულებელი მთავრობა, როგორიც ზელენსკი, სანდუ არიან, ან სააკაშვილი იყო. იციან, რომ ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს (პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში მიღებული განათლებით, ყოფილი პრემიერი – საფრანგეთში), მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა, სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე. ამისთვის იყენებენ ფერად რევოლუციებს, რომელიც დე გოლის გადაყენებით დაიწყო და დღესაც გრძელდება, მათ შორის, საქართველოშიც. ამ ბოლო პერიოდში ბევრგან აღარ გამოუვიდათ და არ გამოუვათ აქაც. ჩვენთან უკვე იყო ერთი ფერადი რევოლუცია და ხალხმა ყველაფერი იცის.

ამასთან, დიდი ცვლილებები ხდება დასავლეთში, ევროპარლამენტის და წამყვან ქვეყნებში არჩევნები, ივლისიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება და რაც მთავარია – ამერიკის არჩევნები.

როგორც იქნა, წელში გავიმართეთ, ეკონომიკა სწრაფად იზრდება (იზრდება პენსიები, ხელფასები, ინფრასტრუქტურა), ლარი და ინფლაცია სტაბილურია, არის მშვიდობა და დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით „შუა დერეფანის“, ამიტომ დიდი სიფრთხილით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისაკენ“, – წერს პაატა კვიჟინაძე.