პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ნორმაშია და ლარის გაუფასურება უკრაინაში მიმდინარე პროცესებითაა გამოწვეული
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ცალსახად გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებით.
„გადავხედე და გეტყვით, რომ არანაირი ეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებული არ არის. პირიქით – ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ლარს ამაგრებს, ნორმალურ მდგომარეობაშია. ლარის გაუფასურება არის ემოციური ფაქტორი. ეს მხოლოდ ლარს არ ეხება, ვხედავთ, მაღაზიებში რა ხდება. მოსახლეობაც და საწარმოებიც მიიჩნევენ, რომ თუ მათი თანხები დოლარში იქნება, მათთვის ეს უფრო უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
პაატა კვიჟინაძის თქმით, მთავრობას ახლა არ შეუძლია, ლართან მიმართებაში რაიმე ღონისძიება გაატაროს, რადგან ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ნორმაშია.
„საქართველოში არაფერი ისეთი არ ხდება და ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც უნდა იყოს. ამას ხელს შეუწყობს, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდება. ახლა მთავრობას არ შეუძლია, ლართან მიმართებაში რაიმე ღონისძიება გაატაროს, რადგან ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ნორმაშია. ალბათ, ეროვნული ბანკი გარკვეული ფორმით უნდა ჩაერთოს და სავალუტო რეზერვები გაყიდოს. ამას ეროვნული ბანკი უყურებს, აკონტროლებს და თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, პროცესში ჩაერევიან. მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა თქვეს, რომ არსებულ კრიტიკულ ვითარებაში ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, შესაძლოა, რაღაც შენიშვნები იყოს. ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ თუ ვალუტის გამოტანა და გაყიდვა მალევე დაიწყებოდა, შესაძლოა დახარჯულიყო ასობით მილიონი დოლარი და ეფექტი ვერ მიგვეღო. თავისუფალი მცურავი კურსის დროს არის გარკვეული კანონები, თუ როდის და როგორ უნდა იმოქმედო. მიმაჩნია, რომ დადგება მომენტი, როცა ეროვნულ ბანკს ინტერვენცია მოუწევს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.