პაატა კალანდაძე - გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტი უპრეცედენტო მასშტაბისაა, ირაკლი ღარიბაშვილს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს ყველა შეხვედრაში, რომლებიც ჩანიშნულია სამიტის ფარგლებში
გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტი ტარდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, ღონისძიება უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის არის, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძის თქმით, მასში მონაწილეობას იღებს უცხო ქვეყნების 70 000-ზე მეტი წარმომადგენელი.
„რაც მნიშვნელოვანი და მთავარია ამ ფორმატის ღონისძიებაში, პირველად ფიქსირდება 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასასმელია, რომ მათ შორის სათანადო დონეზე არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომლებიც ჩანიშნულია ამ ღონისძიების ფარგლებში. რაც მთავარია, მას მიეცემა საშუალება, გამოვიდეს სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე. ასევე, ჩანიშნული არის არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსებიდან 52 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომლებშიც, ასევე, ჩვენი ქვეყნის პრემიერი აქტიურად იქნება ჩართული“, – განაცხადა პაატა კალანდაძემ.