პაატა იმნაძე - საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული
საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით, ლუგარის ცენტრში კვლევები გრძელდება.
„პრაქტიკულად, ბრიტანულ შტამზე ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე ასე ვთქვათ, საწყის პერიოდში, როდესაც იწყება მისი ცირკულაცია. ბრიტანული შტამი ძალიან სწრაფად და უფრო მარტივად გადადის. გადამდებლობა მეტი აქვს. დღესაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა, რომ განსხვავება დაწერილ იქნას. კვლევები მუდმივად გრძელდება. ჯერჯერობით, საქართველოში მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამასთან, საქართველოში ბრიტანული შტამის ცირკულაციასთან დაკავშირებით ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც.
„მთლიანად ევროპაში დღეს დაახლოებით 90 პროცენტი ცირკულირებს ბრიტანული შტამი. მათ შორის, საქართველოს პროგნოზირებისას, უკვე 50-70 პროცენტს ზემოთ ჩვენთან ცირკულირებს ბრიტანული შტამი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.