პაატა იმნაძე - მესმის, ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ შეზღუდვებით, თუმცა დისკომფორტის ნაწილი გაგრძელდება, ალბათ მოგვიწევს შეგუება, რომ ნიღბების ტარება ტრანსპორტშიც სავალდებულო იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დისკომფორტის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები ზაფხულის პერიოდშიც კვლავ ძალაში დარჩება.
მაგალითად, იმნაძის თქმით, სავალდებულო იქნება ტრანსპორტში პირბადის ტარება.
„მე მესმის, ზაფხულია, ადამიანები ისედაც შეწუხდნენ ყველაფრით, რა შეზღუდვებიც იყო, სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი დისკომფორტი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება, ნაწილი კი გაგრძელდება და ალბათ მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტშიც ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო.
მიდის მსჯელობა, არ არის ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ბოლომდე გარკვეული, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება სოციალურ დისტანცირებასთან ტრანსპორტში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის კვლევის საგანი, როგორც აქ, ადგილზე, ისე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანი. ვნახოთ, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება“,- განაცხადა იმნაძემ.