პაატა იმნაძე - გაცილებით მაღალია რისკი ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც საქართველოში დაბრუნებისას მეტი ადამიანის ნახვა უნდა, ვიდრე ტურისტისგან, რომელიც ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩამოდის
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის არსებული მონაცემებით, ყველა უცხოელმა საზღვარზე ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებიც არიან იმ ქვეყნის რეზიდენტები, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ, ტესტირებაზე უარი თქვეს.
იმნაძის განცხადებით, სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტი აჩვენებს დამოკიდებულებას.
იმნაძემ განმარტა, თუ რატომ უწევთ უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ტურისტებისგან განსხვავებით 14-დღიანი კარანტინის გავლა.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, მეტი სოციალური კავშირები აქვს, მეტი ადამიანის ნახვა სურს და ვირუსის გავრცელების რისკიც უფრო მაღალია, ტურისტი კი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩამოდის.
„სხვათაშორის, არ ვიცი რამდენად უნდა ვთქვა, მაგრამ განაცხადები რაც არის შემოტანილი და იქ მოგეხსენებათ ერთი პუნქტია, რომ საზღვარზე ნებაყოფლობით ტესტირებას სთავაზობენ ჩამოსულ ადამიანებს. დღეისთვის არსებული მონაცემებით, ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებიც არიან იმ ქვეყნის რეზიდენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში ახლა იმ პასპორტით ჩამოსვლა, ტესტირებაზე უარი განაცხადეს.
სამწუხაროდ, ეს აჩვენებს დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ უცხოელი ტურისტი აქ რომ ჩამოვა, პირველ რიგში მივა ოჯახში და ჩაეხუტება ოჯახის წევრებს, მოინახულებს თავის ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, ნათესავებს. ტურისტი ჩამოვა, მას ექნება სპეციალური აპლიკაცია, გვეცოდინება მისი გადაადგილება, სად გაჩერდება, იქნება სასტუმროში, ყველა წესი დაცულია.
ჩვენი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება საქართველოში, სხვა რეჟიმშია მოქცეული. აქედან გამომდინარე, უნდა გავიგოთ, რომ გაცილებით მაღალი რისკია ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც მეტი სოციალური კავშირები აქვს ამ ქვეყანაში დაბრუნებისას, მეტი მონატრება აქვს და მეტი ადამიანის ნახვა უნდა, ვიდრე იმას, რომელიც აქ ჩამოდის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.