პაატა იმნაძე - ცნობილი ჯგუფია, რომელიც რაღაც დებატებს ითხოვს, ჩემი პოზიციაა, არ შემიძლია, დავჯდე დებატებზე, მაგალითად, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი
პაატა იმნაძე - ცნობილი ჯგუფია, რომელიც რაღაც დებატებს ითხოვს, ჩემი პოზიციაა, არ შემიძლია, დავჯდე დებატებზე, მაგალითად, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება და მუდმივად იქნება ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღები.

„სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება, ეს დაავადება ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვშორდება. ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება კორონა. სამწუხაროდ, ხედავთ, ვირუსის შემთხვევები როდესაც იკლებს, 2 000-3000-მდე მაინც არის, და არა როგორც ადრე იყო, იკლებდეს ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები უნდა აიცრან“, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმნაძემ განაცხადა, რომ ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება.

„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. არ მგონია, ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა ყველა პუნქტში აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა იმნაძემ.

ასევე, ბრიფინგზე პაატა იმნაძემ შეაფასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან დებატების გამართვის მოთხოვნის საკითხი.

„ცნობილი ჯგუფია, რომელიც რაღაც დებატებს ითხოვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პოზიციას, რომ მე არ შემიძლია, დავჯდე დებატებზე მაგალითად, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი“, – განაცხადა იმნაძემ.