პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მესტიასა და ყაზბეგში მხოლოდ „პისიარ“ ტესტები ტარდება
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მესტიასა და ყაზბეგში მხოლოდ „პისიარ“ ტესტები ტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მესტიასა და ყაზბეგში მხოლოდ „პისიარ“ ტესტები ტარდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მესტიასა და ყაზბეგში ყველა არის „პისიარ“ ტესტი. 283 ათასი „პისიარ“ ტესტი არის დღეისთვის უკვე ჩატარებული.

დღიურად 4 800-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი კეთდება. კიდევ ჩატარებულია 190-ათასზე მეტი სწრაფი ტესტი. ეს ძირითადად მუშობს ტრაილერის მძღოლებზე, რომლებიც სამ დღეში ერთხელ იტესტებიან“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება პერიოდულ ტესტირებებს, იმნაძე აცხადებს, რომ მაღალი პროფესიული რისკის მქონენი იტესტებიან.

„კატეგორიებად არის დაყოფილი. ყველაზე მაღალი რისკი მქონე იცით, რომ არის სამედიცინო პერსონალი, ვისაც შეხება აქვს კოვიდ ავადმყოფებთან, კვირაში ერთხელ იტესტებიან. პერიოდულად რომ ჩნდება სამედიცინო პერსონალი, სწორედ ამ ტესტირებით არიან ისინი გამოვლენილი. ხოლო უფრო შედარებით ნაკლები, მაგრამ მაღალი რისკის მქონე ადამიანები, მათ შორის მესაზღვრეები, ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან. სულ დღეისთვის ყაზბეგის პოლიციაში არის დადასტურებული შვიდი შემთხვევა, სამი არის მესაზღვრე“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

იმნაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის შემთხვევები, როცა არ არის ცნობილი ინფიცირების წყარო.

ამასთან, მან ისაუბრა ახალი ზელანდიის მაგალითზე.

„ახალი ზელანდია არის ერთ-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა, ყველაზე ადრე დაემარცხებინა ვირუსი. კუნძულია, ძალიან ადვილია, გააკონტროლო, ქვეყანაში ვინ ჩადის და ვინ გადის. თუ არ ვცდები, 100 დღეზე მეტი არ იყო არც ერთი შემთხვევა, ოთხი შემთხვევა აქვთ კუნძულზე, რის გამოც კუნძული, მთელი ქვეყანა, ახალი ზელანდია ისევ გადავიდა საკარანტინო რეჟიმზე. აქედან გამომდინარე, იქაც კი, სადაც ადვილად კონტროლირებადი სიტუაციაა, შესაძლებელია, ინფიცირებულები იყოს.

სამწუხაროდ, ამ დაავადებას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა ან მცირე სიმპტომიანი მიმდინარეობა, რომელიც ძალიან ძნელია, ადამიანმა შეამჩნიოს. ახალ ზელანდიაში თუ ასე იყო, საქართველოში გაცილებით ძნელია“, – აცხადებს პაატა იმნაძე.