პაატა გურასპაული - შესვენებისას შერმადინმა გვითხრა, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, სადაც წავალ ოთხი შვეიცარიელი მომყვებაო
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფინეთთან და შვეიცარიასთან სანაკრები მატჩები შეაფასა.
„ითქვა, თითქოს ევრობაკსეტზე თამაში გარანტირებული გვაქვს და მოგება არ გვჭირდებოდა. გვჭირდებოდა და თანაც, ძალიან. ამ ავადსახსენებელი პანდემიის გამო, პირველ რიგში, საქართველოს სჭირდებოდა ჩვენი წარმატება, რომელიც მალამოსავით უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს ნაკრებს ფინეთში გამგზავრების წინ რვა კალათბურთელი დააკლდა, თუმცა ეს უკვე არ არის გუნდი, რომელსაც ამა თუ იმ კალათბურთელის დანაკლისი საქმეს აურევს. ბოლო მატჩებში საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებმაც ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობებისა, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქალაქ ესპოოში.
უცხო არავისთვისაა, რომ საქართველოს ნაკრების დიდი პლუსი წინა ხაზია. როდესაც გაქვს ფუფუნება, რომ მოედანზე ერთდროულად გყავდეს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, ეს დიდი თავსატეხია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის. ფინეთისა და შვეიცარიის მთავარი ამოცანა თოკოს და გიორგის განეიტრალება იყო.
ფინელებს ეს არ გამოუვიდათ, რადგან გიორგი შერმადინმა ევროშესარჩევის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა. არ ვამბობ, რომ შვეიცარიასთან საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა – საქმე ის არის, შერმადინი და შენგელია ბურთს რომ მიიღებდნენ ერთბაშად ოთხი მოწინააღმდეგე მათ გარშემო იკრიბებოდა. სწორედ აქ იყო საჭირო გამოთავისუფლებული პოზიციებიდან ბურთის ჩაგდება.
სხვათა შორის, ფინეთთან თად მაკფადენს ჰქონდა პირველი მატჩი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რომელშიც სამქულიანი ვერ ჩააგდო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. ყურადღება მივაქციოთ მის ათ პასს, დავაკვირდეთ, როგორ წარმართავდა თამაშს. შემდეგ მას კარგად დაეხმარა გივი ბაქრაძე.
ვიცოდით, ფინეთი რას დაგვიპირისპირებდა, მაგრამ შერმადინის, შენგელიას, მაკფადენის კლასმა, ბიჭების მონდომებამ ყველაფერი გადაწონა.
შვეიცარიის ნაკრებს სერბეთთან გამარჯვების შემდეგ გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. საქართველოსთან არანორმალურად მოტივირებული გამოვიდა. იუმორს შემოვიტან: პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი შერმადინმა იკითხა – სად წავიდე, აღარ ვიცი, საითაც გადავალ, ოთხი შვეიცარიელი თან დამყვებაო… სწორედ ამიტომ გაეხსნათ სივრცეები დანარჩენებს, საქულიანები ჩააგდეს კორსანტიამ, ფევაძემ, ბოქოლიშვილმა, ბაქრაძემ, ბექაურმა… მაკფადენზე აღარაფერს ვამბობ, რომელმაც ცხრა მცდელობიდან 6 სამქულიანი გამოიყენა. სწორედ ეს იყო შერმადინის დამსახურება.
რაც შეეხება თოკო შენგელიას, ჩემი აზრით ევროპის საუკეთესო კალათბურთელია. როგორ იდგა მოედანზე და როგორ მიუძღოდა გუნდს, ყველამ ნახა. შვეიცარიასთან ბოლო წუთები იყო მაგალითი, როგორ განსხვავდებოდა თოკო კლასით თითოეული მეტოქისგან.
თორნიკეს წყენა ჯერაც აქვს, მათგან, ვინც მისი ახალ კლუბში გადასვლა არასწორად შეაფასა. თუმცა წყენა და გულში ჩარჩენილი ბოღმა სხვადასხვაა. ეს თამაშები არ იყო მათთვის რამის დამტკიცება. ეს იყო საკუთარ ოჯახში საქმის კეთება. თუმცა როდის ყოფილა, რომ შენგელია მოედანზე გამოსულა და ბოლომდე არ დახარჯულა?
ჩემთვის სასიხარულო იყო ისიც, რომ ძალიან კარგად ითამაშეს სუპერლიგის კალათბურთელებმა. გუნდში შიდა ჩემპიონატის ცხრა მოთამაშე იყო (მათ შორის ვთვლი კორსანტიასა და ტურძილაძეს, რომლებიც გუშინ სუპერლიგაში გამოდიოდნენ). ბედნიერი ვარ, რომ ფინეთთან და შვეიცარიასთან მატჩებში სუპერლიგამ ხმამაღალი სიტყვა თქვა.
პროცესი ამ მოგებებით არ დასრულებულა – მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუდმივად ეძებს ტალანტებს და ყველა ქართველი კალათბურთელი მისი თვალთახედვის არეშია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატის არგაჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თებერვლის სანაკრებო მატჩებისთვის ჩვენმა კალათბურთელებმა უნდა ივარჯიშონ, ითამაშონ და მოემზადონ ისევდაისევ ნაკრებისთვის.
აქვე მინდა აღვნიშნო, 99.9 პროცენტით გადაწყვეტილია, თებერვლის „ბაბლს“ თბილისი უმასპინძლებს, ჩვენთან ჩამოვლენ სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია. ამ საკითხზე ოფიციალურ პასუხს 4 დეკემბერს გასამართი ფიბა-ევროპის ბორდის შეხვედრის შემდეგ მივიღებთ. მას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბორდის წევრი გიორგი ქართველიშვილი დაესწრება.“