პაატა დავითაია - რა შუაშია საერთაშორისო მხარდაჭერა, ვინმე „ქართულ ოცნებას“ ან ჩვენ დაგვირეკავს და გვეტყვის, ასე მოიქეცით ან ისეო, თუ რა
რა საერთაშორისო მხარდაჭერა, ვინმე „ქართულ ოცნებას“ დაურეკავს ან ჩვენ და გვეტყვის, ან ასე მოიქეცით, ან ისეო, თუ რა?!, – ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრმა, პაატა დავითაიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ თქვენ მხარდაჭერაზე საუბრობთ, ეს შიდა სუვერენული უფლებაა. ასეთი რაღაც არ ხდება. ამას ქართველი ხალხი და ქართველი ამომრჩეველი წყვეტს. ყველა ხედავს, როგორ შეაფასა სადამკვირვებლო მისიამ ყველაფერი და როგორ იწერება საერთაშორისო პრესაში, რომ არჩევნების ასე ჩატარება არ შეიძლება“, – განაცხადა დავითაიამ.
ამ განცხადებით პაატა დავითაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვს ოპოზიციას თავის მოთხოვნებში საერთაშორისო მხარდაჭერა.
მისი თქმით, გაუქმებულია 50 000-ზე მეტი ბიულეტენი, რაც მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტზე მეტია და ეს მიუღებელია.
„ცესკო-ს ქმედება სინთეზში იყო ხელისუფლებასთან და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამიტომ ვიძახით, რომ აუცილებლად უნდა დადგეს საარჩევნო გარემოსა და სისტემის ძირეული ცვლილების საკითხი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სწორედ ამ ფონზე მოხდეს“, – განაცხადა დავითაიამ.
პაატა დავითაიამ ასევე განაცხადა, რომ ცესკო-ს მონაცემებით არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
„ეს რეალურად ჩანს და ამაზე ყველა თანხმდება“, – განაცხადა დავითაიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა როლი აქვს პროცესში მიხეილ სააკაშვილს და იქნება თუ არა მასთან მსჯელობა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები 16 დეკემბრის შემდეგ, დავითაიამ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან ყველას განსხვავებული აზრი აქვს და ეს მსჯელობის საკითხია.
„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არის და მომავალშიც უნდა იყოს, რადგან დემოკრატიული პროცესი ასეა, მაგრამ უთანხმოება არანაირ საკითხზე არ გვქონია“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.