პაატა დავითაია - ქარტიას მოვაწერეთ ხელი, რადგან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობის დასაფიქსირებლად, უფრო მეტი მომენტი იყო, რასაც ვითვალისწინებდით, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნები გვქონდა
ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობის დასაფიქსირებლად, უფრო მეტი მომენტი იყო, რასაც ვითვალისწინებდით, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნები გვქონდა, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.
„მაგალითად, იგივე პრემიერ-მინისტრის საკითხი, თუ როგორ მოხდება პრემიერ-მინისტრის შერჩევა. თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით, უმრავლესობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება და მხოლოდ უმრავლესობის შიგნით შეიძლება კონსულტაციის წარმოება. მინდა, ამას ხაზი გავუსვა. საუბარი არის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე ოპოზიციის მხრიდან.
პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგალითად, ჩვენ შეიძლება, ვერ გადავლახოთ ბარიერი, ან გადავლახოთ, მაგრამ ვინც გადალახავს ბარიერს და შეადგენს უმრავლესობას, მათ უნდა წარადგინონ პრემიერ-მინისტრი. ეს კონსტიტუციური ნორმაა და მე მაშინაც ვთქვი, რომ კითხვის ნიშანი მქონდა ამ მიმართულებით, რომ პრემიერის წარდგენის ეს იურიდიული უფლებამოსილება არ მგონია, უმრავლესობამ ვინმეს გადაულოცოს, პირველ რიგში, მაგრამ მაინც მოვაწერეთ ხელი ამ ქარტიას, რადგან მიგვაჩნდა, რომ არის უფრო მეტი საკითხები, რომელსაც ვეთანხმებოდით. მაგალითად, როცა საუბარია ერთწლიან პარლამენტზე“, – განაცხადა დავითაიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრეზიდენტის ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, რადგან სალომე ზურაბიშვილის სურვილი იყო, კონსოლიდაცია ამ ფორმით ყოფილიყო, არანაირი სამართლებრივი ნორმა არ ყოფილა მიღებული და ეს მხოლოდ მსჯელობის საკითხია.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს პარტია კოალიციური მთავრობის შემთხვევაში და ვისთან არ ითანამშრომლებს, დავითაიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციის და ნატოსკენ სვლის გზას შეინარჩუნებს.
შეკითხვაზე, რა არის „ევროპელი დემოკრატების“ მთავარი სათქმელი ამომრჩევლის მიმართ და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი პარტიას, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ „ევროპელი დემოკრატები“ არ არის პარტია, რომელმაც შეიძლება, დაიკვეხნოს და თქვას, რომ შექმნის ქვეყნის ეკონომიკას, მაგრამ პარტია გააკეთებს ყველაფერს, რათა მაქსიმალურად მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია იმ კუთხით, რასაც ნიშნავს ევროინტეგრაციისკენ სვლა, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია იმ კუთხით, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდეს, ინვესტიციები იქნას მოზიდული და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც პარტიისთვის ამოსავალი წერტილია.