პაატა ბურჭულაძე - ძალიან დიდი სურვილი მქონდა, თოფი ამეღო და გამოვსულიყავი ქუჩაში, როცა უსამართლობა ვნახე, მაგრამ ეს აღარ შეიძლება, განმეორდეს
მინდა, დავრწმუნდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება, როგორც პატიმარი კი არა, არამედ ჩვენი პრეზიდენტი, გამობრძანდება ციხიდან და შეიყვანენ იმ ჰოსპიტალში. ამას რომ დავინახავ, მაშინ შევწყვეტ შიმშილობას, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც მეოთხე დღეა, შიმშილობს.
მისივე თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები იხილა, დიდი სურვილი ჰქონდა, თოფი აეღო და გამოსულიყო ქუჩაში.
„ძალიან დიდი სურვილი მქონდა, არ დაგიმალავთ, რომ თოფი ამეღო და გამოვსულიყავი ქუჩაში, როცა უსამართლობა ვნახე, მაგრამ ეს აღარ შეიძლება, განმეორდეს. ღმერთმა დაგვიფაროს 90-იანი წლებისგან. ერთადერთი, რაც შემეძლო, გამეკეთებინა, საზღვარგარეთ რომ ვნახე შემზარავი კადრები, რაც იკადრა „ქართულმა ოცნებამ“ და დადო, როგორ ვათრიეთ ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი, ერთადერთი რაც შემეძლო გამეკეთებინა, ამეღო ბილეთი, ჩამოვსულიყავი და დამეწყო შიმშილობა. მე ამას ვაკეთებ ჯერჯერობით ახლაც კი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.