პაატა ბაირახტარი - უკეთესი იქნებოდა, მცირე კომპანიები და მეწარმეები შეეყვანათ „ოქროს სიაში“
პაატა ბაირახტარი - უკეთესი იქნებოდა, მცირე კომპანიები და მეწარმეები შეეყვანათ „ოქროს სიაში“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება.

ამასთან, ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საწვავსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა ნაწილობრივ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, თუმცა ის სავარაუდო მიზეზებად ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოსა და კომპანიების მხრიდან შეთანხმებული ფასის დადგენასაც განიხილავს, რაც მისი თქმით, კანონით დაუშვებელია და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ლარის გაუფასურების მიზეზებზეც ისაუბრა, რომელთა შორის თურქული ლირის გაუფასურებას და საქართველოში ამ საკითხზე მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებას, ასევე შარშანდელთან შედარებით ეროვნული ვალუტის გაზრდილ მიმოქცევას გაუსვა ხაზი. 

„ზაფხული საუკეთესო დროა ჩვენი ეკონომიკისთვის, ეროვნული ვალუტის უფრო გაუფასურებას უახლოეს მომავალში არ ველოდები“, – აღნიშნა ბაირახტარმა.

ამასთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც შეეხო.

როგორც ბაირახტარი მიიჩნევს, კარგია, რომ ყველა ერთნაირ პირობებში ჩააყენეს და თუმცა მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, დიდი კომპანიები კი არ გაეთანაბრებინათ პატარა კომპანიებისთვის, არამედ პატარა კომპანიები და მეწარმეები შეეყვანათ „ოქროს სიაში“.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.