პაატა ბაირახტარი - საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება ყველას, ვინც შემოსავალს არ დაადასტურებს
საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს, სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება უკლებლივ ყველას, ვინც შემოსავალს არ დაადასტურებს, – განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„თუ ბიზნესსესხებზე ვსაუბრობთ, პრინციპში, ეს ბიზნესსესხებს არ შეეხება, რადგან ასეთი სესხის ასაღებად აქამდეც საკმაოდ ბევრი დასაბუთება იყო საჭირო. ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი მიზეზის გამო, ბანკები ბიზნესსესხების დაკრედიტებაზე ორიენტირებული არც იყვნენ“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისი თქმით, ბანკების საპროცენტო განაკვეთი ისეთია, რომ ამ განაკვეთში ბიზნესის დაკრედიტება ძალიან ჭირს და ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული განცხადება, რომ ვინმემ მევახშეს მიმართოს და მისგან მოზიდული ფულით ეკონომიკური საქმიანობა დააკრედიტოს, ხოლო სამომხმარებლო სესხებს რაც შეეხება, თუ ადამიანს ტელეფონის განვადებით გამოტანა უნდა, ის მევახშესთან არ წავა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შეუქმნის თუ არა ახალი რეგულაცია პრობლემას თვითდასაქმებულებს, რომლებსაც რეალურად, შემოსავალი აქვთ, მაგრამ ამას ვერ ადასტურებენ, პაატა ბაირახტარმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მათ რაღაც სირთულეები შეხვდეთ, მაგრამ გასაოცარია იმ ადამიანთა პათოსი, რომლებიც აცხადებენ, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება.
„სესხებზე ხელმისაწვდომობა ამავე წარმატებით გამარტივდება იმდენად, რამდენადაც თუ ბანკებს წარსულში შავი სია ჰქონდათ და ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები სესხს ვერ იღებდნენ, ახალი რეგულაციით ბანკი ვალდებული იქნება, სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ შავ სიაში მყოფი ადამიანის საკრედიტო ისტორიას ახლიდან გადახედოს. თუ ეს ადამიანი დაამტკიცებს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა და სესხის მომსახურების საშუალება აქვს, მას სესხის აღება შეეძლება“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
„აფბა“-ს ვიცე პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახალი რეგულაცია ჭარბვალიანობის პრობლემას ხვალვე ვერ მოაგვარებს, მაგრამ ამისკენ ნაბიჯები ნელ-ნელა, რიგ-რიგობით იდგმება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.