პაატა ბაირახტარი - არ ვიზიარებ ბანკების პათოსს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი იყო, პირიქით - დაგვიანებულიც კი არის
სესხის ამღები ყოველი მესამე ადამიანი სესხის მომსახურებაში თავისი შემოსავლის 50%-ზე მეტს იხდიდა, რაც კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია, რადგან ეროვნულ ვალუტაში ეს 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამიტომ არასწორია იმაზე საუბარი, რომ რეგულაციების შემოღება ნაადრევია. ეს კარგა ხნის წინ იყო დაანონსებული; ბანკებს მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ, არასაბანკო ორგანიზაციებს კი მოსამზადებლად კიდევ ერთი წელი აქვთ. რეგულაციების შემოღება დაგვიანებულიც კი არის და არ ვიზიარებ ბანკების პათოსს, რომ რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი იყო,“, – განაცხადა ბაირახტარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როცა საუბარია შემოსავლების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლაზე და სესხის გაცემის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე, უნდა აიღონ თუ არა ბანკებმა გარკვეული პასუხისმგებლობა, პაატა ბაირახტარმა განაცხადა, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა აქვთ.
„რაღაცნაირად, კომიკური სიტუაცია შეიქმნა, როცა აქ ვზივართ და არასაბანკო სექტორი საბანკო სექტორს აბრალებს, საბანკო სექტორი კი პირიქით – არასაბანკო სექტორს და ისე გამოვიდა, თითქოს, ჭარბვალიანობის პრობლემა მოსახლეობის ბრალია“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისი თქმით, უფრო სწორი იქნებოდა, თუ რეგულაცია ყველა საკრედიტო ორგანიზაციისთვის ერთიანად ამოქმედდებოდა, რადგან ეს უფრო სამართლიან თამაშის წესებს შექმნიდა.
პაატა ბაირახტარმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდაზე საუბარი არასწორია, რადგან ამავე ლოგიკით, ახალი რეგულაციებით ბანკებს რისკები შეუმცირდებათ, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე უნდა აისახოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.