ოზურგეთში, სოფელ ძიმითში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე აქცია გამართეს და ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესება სთხოვეს.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი მდინარე სუფსადან ინერტული მასალის ამოღებაა. ისინი გზებზე მაღალწონიანი სატვირთო ავტომანქანების მოძრაობასაც აპროტესტებენ.
მათი თქმით, ე. წ. კარიერების მუშაობის შედეგად საყანე ფართობები მდინარეს მიაქვს, ჭებში წყალი შრება, მდინარის კალაპოტი კი ნადგურდება და საავტომობილო გზები ფუჭდება.
ადგილზე ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები, ინერტული მასალების გადამტანი კომპანიის „QMS“-ის წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დღეს მიღწეული შეთანხმებით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ორშაბათს, გურიის გუბერნატორსა და ოზურგეთის მერს შეხვდება,სადაც პრობლემის გადასაჭრელ გზებზე იმსჯელებენ.
მანამდე, კომპანიები ინერტული მასალების მოპოვებას და გზებზე მძიმეწონიანი მანქანებით გადაადგილებას არ განახორციელებენ.