ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა 19 მარტს სოფელ ძიმითში მოხდა, თუმცა მომხდარის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 19 მარტს, ღამის საათებში სოფელ ძიმითის გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა, რომლის მგზავრიც მანქანიდან გადმოვიდა, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა- შენახვა-ტარება) მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.