ოზურგეთში, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა ფოლკლორის ცენტრში იმართება. განხილვას ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.
პროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.
„დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ გავითვალისწინეთ საზოგადოების დაკვეთა. როგორც მისცემენ მოქალაქეები პარტიებს ხმას, იმ რაოდენობის მანდატი ექნებათ. პირველად მოხდა ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ მიიღო ასეთი დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ შეცვალოს საარჩევნო სისტემა. ჩვენ გთავაზობთ პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.