ოზურგეთში საერთაშორისო სტანდარტის ახალი საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა
ოზურგეთს უკვე საერთაშორისო სტანდარტის საჩოგბურთო კომპლექსი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გეგმაზომიერად განვითარდა, კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, მოეწყო გზა, სანიაღვრე სისტემები და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჩოგბურთის ახალი კორტები აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას პასუხობს და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე ახალგაზრდა თაობისთვის.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, საჩოგბურთო კომპლექსი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებით.
ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჩოგბურთის სამი ღია კორტი ტრიბუნებით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ჩოგბურთის ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის. ოზურგეთის ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.
პროექტი „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2,275,044 ლარი შეადგინა.